შეუძლებელია, გამარჯვების შემდეგ, ვიყო პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს დედაქალაქის მერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია პარტიულ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში უნდა გადაერთოს.
"დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და თავიდან ბოლომდე გადაერთვებიან მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში. შეუძლებელია, მე ვიყო გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისს მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს დედაქალაქის მერი. ასე არ შეიძლება. იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს იყო დედაქალაის მერი, შეუძლებელია, რაც არ უნდა მოწადინებული იყო რომ პირველ რიგში ვიყო დედაქალაქის მერი, არ არსებობს, პარტიული ინტერესები მე წამძლევს. იგივენაირად უნდა მოიქცეს ყველა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია უნდა დავტოვო. არ არის სწორი, ეს არ არის ის რაც თბილისს სჭირდება", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სადაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ნიკა მელია და კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.