უახლოეს დღეებში დავასახელებთ თბილისის კოალიციურ მთავრობას, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მომავალ მთავრობაში თავის თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი.
"უახლოს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვდგებით კიდევ უფრო გაერთიანებული ოპოზიცია, დავასახელებთ დედაქალაქის მომავალ [კოალიციურ] მთავრობას, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი.
ეს უნდა იყოს არჩევნები, სადაც ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა, ცვლილებები. სახელებითა და გვარებით, პოლიტიკური პარტიებით დავასახელებ. კონსულტაციები დაწყებულია. მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას. რაც მალე, მით უკეთესი, საზოგადოების წინაშე წარსდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც, რაც მახარებს ყველაზე მეტად, საკუთარ თავს დაინახავს ყველა თბილისელი. ჩემთვის თბილისი გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკა", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სადაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ნიკა მელია და კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.