ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და "ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე, განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. მისი თქმით, როგორც არ უნდა ცდილობდნენ, შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს შორის არ გამოუვიდათ არასდროს და არც გამოუვათ.
"ნურავინ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით თავიდან ავირიდებთ გაუგებრობებს. ორგანიზება და დისციპლინა არის მნიშვნელოვანი ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, რომლის შედეგებმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი სულ მცირე 15-20 წლის თავზე. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, შემართებასთან ერთად ჭკუითაც ვაჯობოთ. მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ამ ადამიანს, რაც სჭირდება არის ჯანმრთელობა. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ. ამ შანსის შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი“, – განაცხადა მელიამ.