ENG / RUS       12+

"პანდორას ფაილები" - ჟურნალისტურმა გამოძიებამ ნათელი მოჰფინა მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონებას

ასობით მსოფლიო ლიდერის, პოლიტიკოსისა და მილიარდერის საიდუმლო გარიგებები და დამალული ქონება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფინანსური დოკუმენტების, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გაჟონვის შედეგად. ახალ ოფშორულ დოსიეს ნათელი მოჰფინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ სახელით, Pandora Papers-მა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (ICIJ) 650-ზე მეტმა ჟურნალისტმა შეისწავლა მილიონობით ფაილი, რომლებშიც ფიგურირებდა სამი ათეული მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაური და 300-ზე მეტი თანამდებობის პირი.

დოკუმენტები სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკავშირებენ მონაკოში საიდუმლო აქტივებს, ასევე მიანიშნებენ იმაზე, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, მაგნატ ანდრეი ბაბიშს, რომელსაც ერთი კვირაში არჩევნები ელოდება, დეკლარაციაში არ შეუტანია ოფშორული კომპანია, რომლის საშუალებითაც შეიძინა ორი ვილა სამხრეთ საფრანგეთში, კანის მახლობლად.

ახალი დოსიე აგრძელებს ბოლო შვიდი წლის ტრადიციას, რა დროსაც საჯარო სივრცეში რამდენჯერმე გაჟონა ოფშორებიდან ფინანსურმა დოკუმენტებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილია: FinCen-ი, "სამოთხის დოსიე“, Panama Papers-ი და LuxLeaks-ი.

ახალი გაჟონვის წყალობით ICIJ-ის მედია-პარტნიორებმა, მათ შორის BBC-ის პროგრამა "პანორამისა", მოიპოვეს წვდომა კომპანიის 12 მლნ დოკუმენტზე, რომელიც ფინანსურ მომსახურეობას უწევდა ოფშორულ იურისდიქციებს - ქვეყნებში, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, ასევე კომპანიების რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის გამარტივებული წესები. 

დოკუმენტებმა გაჟონა კომპანიებიდან, რომლებიც მუშაობდნენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კვიპროსზე, პანამაში, ბელიზში, სინგაპურში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში.

კრივონოგიხის სახლი მონაკოში

დოსიე შეიცავს დოკუმენტებს, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინის ქონების ნაწილი დამალულია მონაკოში - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გადაცემა "პანორამას" რეპორტიორები, რომლებმაც შეისწავლეს Pandora Papers-ის ფაილები.

მათ დაადგინეს მონაკოში სვეტლანა კრივონოგიხის აპარტამენტების კავშირი კომპანიასთან, რომლებიც ემსახურობდნენ გენადი ტიმჩენკოსა და პიოტრ კოლბინს. სამივე პირს სხვადასხვა დროს ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა პუტინთან.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მონაკოში მდიდრული აპარტამენეტები ეკუთვნის სვეტლანა კრივონოგიხს და შეძენილია 2003 წელს, 3,6 მლნ დოლარად.

ერთი წლის წინ გამოცემა "პროექტი", რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ აღიარებულია არასასურველ ორგანიზაციად და აკრძალულია, იუწყებოდა, რომ კრივონოგიხი იყო დედა პუტინის ქალიშვილის, რომელიც 2003 წელს დაიბადა. პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ კრივონოგიხის შესახებ არაფერი სმენია.

როგორც Pandora Papers-ის დოსიედან ჩანს, კრივონოგიხის საქმით მონაკოში დაკავებული იყო კომპანია Moores Rowland-ი. როგორც "პანორამამ" გაარკვია, კომპანიის კლიენტებს შორის იყვნენ ტიმჩენკო და აწ გარდაცვლილი კოლბინი. ორივე მათგანი მოყვა აშშ-ის სანქციების ქვეშ, როგორც პუტინის ახლო გარემოცვის წევრები.

ტიმჩენკოს იურისტებმა გადაცემას განუცხადეს, რომ მათ კლიენტს კანონი არასდროს დაურღვევია, Moores Rowland-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ყურადღებით აფასებენ ახალ კლიენტებს და ყოველთვის მოქმედებენ დადგენილი წესების ფარგლებში. კლიენტების საქმეების შესახებ კი კონფიდენციალურობის გამო ვერ ისაუბრებენ.

ბრიტანეთის უძრავი ქონება, როგორც საეჭვო კაპიტალების მაგნიტი

ზოგიერთი სახელი, რომელიც დოსიეში გხვდება, უკვე გაჟღერდა კორუფციაში ბრალდებასთან, ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა ცნობილი და შეძლებული პირების მიერ დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ, თუმცა სრულიად ლეგალური ოფშფორული სქემით შეძენილი ძვირადღირებული უძრავი ქონება. დოკუმენტები შეიცავს ცნობებს ამ მიზნებით გამოყენებული 95 ათასი კომპანიის შესახებ.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ მაინც არ შეასრულა დაპირება, შეექმნა უძრავი ქონების ოფშორული მფლობელების რეესტრი, მიუხედავად საზოგადოების შეშფოთებისა, რომ მსგავსი ინვესტიციები, შესაძლოა, ემსახურებოდნენ უკანონო შემოსავლების გათეთრების ინსტრუმენტებს.

აი, ერთი ასეთი მაგალითი. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახს ბრალს სდებდნენ საკუთარი ქვეყნის ძარცვაში. Pandora Papers-ი მიუთითებს იმაზე, რომ ალიევებს და მათთან დაახლოებული პირებს ჰქონდათ კავშირი დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების გარიგებებთან, რომელთა ღირებულება 400 მლნ ფუნტს აღემატება. (ნაევარ მილიარდ დოლარზე მეტი).

როგორც ირკვევა, ალიევების ოჯახმა ერთ-ერთი შენობის გაყიდვით, რომელიც სამეფო ოჯახის მფლობელობაშია (Crown Estate), მიიღო 30 მლნ ფუნტზე მეტი. უძრავი ქონებისა და მიწების იმპერია, რომელიც ათობით მლრდ ფუნტი ღირს, ეკუთვის დედოფალს, თუმცა იმართება სუბიექტების ინტერსებიდან გამომდინარე.

მსოფლიო ლიდერების ოფშორული კომპანიები დიდ ბრიტანეთში

დოკუმენტებში გაჟონილი უამრავი გარიგება, სრულიად კანონიერია. მაგრამ ICIJ-ის წარმომადგენლის ფერგუს შილის თქმით, "გაჟონვის მასშტაბი უპრეცენდენტოა და ის ნათლად ასახავს რა მომსახურება შეიძლია გაუწიონ ოფშორულმა კომპანიებმა მსურველებს - დამალონ საეჭვო შემოსავლები ან დაემალონ გადასახადებს".

"ისინი იყენებენ ოფშორულ ანგარიშებს იმისთვის, რომ შეიძინონ უძრავი ქონება სხვა ქვეყნებში მილიონობით დოლარით და გამდიდრდნენ უბრალო მოქალაქეების ხარჯზე".

ICIJ დარწმუნებულია, რომ გამოძიება გახსნის პანდორას ყუთს - სახელწოდებაც აქედან არის - Pandora Papers.

იორდანიის მეფის აპარტამენტები კალიფორნიაში

დოკუმენტები ნათელს ფენს იმას, თუ იორდანიის მეფემ - აბდალა II ჩუმად როგორ შეიძინა უძრავი ქონება 100 მლნ დოლარად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

მმართველობის ორ ათწლეულში, რომელსაც ახლდა ბრალდებები ავტორიტარიზმთან დაკავშირებით, მეფემ შეიძინა 15 სახლი და ბინა კალიფორნიისა და ინგლისის ფეშენებელურ რაიონებში.

მეფის იურისტები ამბობენ, რომ აბდალამ ყველაფერი პირადი დანაზოგით იყიდა, რომელსაც მათ შორის ხარჯავს იორდანიის მოქალაქეების საჭიროებისთვისაც. ოფშორის მეშვეობით გაფორმებას იურისტები ცნობილი ადამიანების ჩვეულებრივ პრაქტიკას უწოდებენ, რომლებიც ზრუნავენ პირადი ცხოვრების უსაფრთხოებასა და შეუხებლობაზე.

Pandora Papers-ზე დამყარებული რეპორტაჟები ICIJ-ის პარტნიორ მედიასა და სხვა გამოცემებში კიდევ გამოქვეყნდება. რეპორტაჟები მოგვიყვება კენიის პრეზიდენტ უხურუ კენიატის ოფშორებში დამალულ ნახევარმილიარდიან ქონებაზე, პაკისტანის პრემიერის იმრან ხანის ახლო გარემოცვის სიმდიდრეზე და იმაზე, თუ რა გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი წილით 2019 წელს პრეზიდენტის არჩევნების მოსაგებად.

როგორ გახდა 11 წლის ბიჭი ლონდონში სახლის მფლობელი

Pandora Papers-ი შეიცავს მტკიცებულებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების 17 ობიექტი, მათ შორის საოფისე შენობა 33 მლნ ფუნტად 11 წლის შვილის - ჰეიდარისთვის.

შენობა მდებარეობს ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში - მეიფერში. ის შეიძინა კომპანია Mallnick Holdings-მა, რომელიც ეკუთვნოდა პრეზიდენტ ალიევს 2009 წლიდან. ერთი თვის შემდეგ საკუთრების უფლება გადაფორმდა ჰეიდარზე.

ფინანსური დოკუმენტების ანალიზით გაირკვა, რომ ახლოს მდებარე სხვა საოფისე შენობა, რომელიც სამეფო ოჯახის მფლობელობაში იყო, ალიევების ოჯახმა 2018 წელს 66 მლნ ფუნტად გაყიდა. Crown Estate-ში ამბობენ, რომ შესყიდვამდე ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა შემოწმება, ამჟამდ კი მიმდინარეობს განმეორებითი შესწავლა.

ბრიტანეთის ხელისუფლება თავის მხრივ, ირწმუნება, რომ იბრძვის ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონების გამკაცრებისა გზით და ამბობს, რომ რეესტრში ჩაუშვებს ოფშორული უძრავი ქონების მფლობელებს, როგორც კი საკანონმდებლო საქმიანობის გრაფიკში ამისთვის დრო გამოინახება.