მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ მე-3 ვადით არჩეული ხელისუფლება. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ჩვენს რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 47%-იანი შედეგი მართლაც გამორჩეული შედეგია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ გარემოებებს, რომელიც განვითარდა ბოლო პერიოდში.
"მე აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, პარტიის დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შემდეგ, 2 თვეში, სკანდალურად გადადგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია და აბსოლუტურად სხვა რეალობა მივიღეთ ქვეყანაში. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა ის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ქუჩაში გამოსვლები, დემონსტრაციები და ა.შ. არეულობა, რომელიც იყო აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი. ამას ემატებოდა, ბუნებრივია, პანდემია, ვაქცინის გარეშე ცხოვრება, მძიმე ეკონომიკური ვითარება, მინუს 6% გვქონდა ჩვენ გასულ წელს შედეგი და უპერსპექტივო პოლიტიკური კრიზისი. ამ ვითარებაში, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრი იყო და მე ეს გამოწვევები ჩამოვთვალე და ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სასპეკულიანტო საგანი და მსჯელობის საგანი რაც იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იყო შემდეგი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნდობა გამოუცხადეს, რა თქმა უნდა, ძირითადად პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ სპეკულირებდნენ იმითაც, რომ ყოფილი პრემიერი გახარია ასევე გადადგა და სულ სხვა პიროვნებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა პიროვნებები არ ვართ, ჩვენ გუნდის წევრები ვართ და დამფუძნებლები ვიყავით პირველივე დღეებიდან, ბატონ ირაკლი კობახიძეზე იყო საუბარი, როგორც პარტიის ახალ თავმჯდომარეზე და ჩემზე იყო საუბარი, როგორც ახალ პრემიერ-მინისტრზე. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, ის დათქმა, რაც გაჩნდა - 43%-იანი დათქმა, სწორედ ამით აიხსნებოდა. ერთ-ერთი კითხვა, რაც ხშირად მუსირებს და გვეკითხებიან - რატომ მოვაწერეთ და რატომ დავთანხმდით? ჩვენს თავთანაც მაშინ გვქონდა შიდა განხილვებიც და გვითქვამს, რომ რა თქმა უნდა, თუ 40%-იანი ნდობის მანდატი აღარ გვაქვს მოსახლეობიდან, ბუნებრივია, მაშინ ალბათ უნდა განვიხილოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ბუნებრივია, მორალური გადმოსახედიდან და ზოგადად, სანდოობიდან და ნდობიდან გამომდინარე, ხელახალი არჩევნების განხილვა. სწორედ ამ მოტივით და კიდევ ძალიან ბევრი არგუმენტის გამო, ვინაიდან, ჩართული იყო პრეზიდენტი შარლ მიშელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და ჩვენ პატივი ვეცით ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, პირველ რიგში და ბუნებრივია, გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი და მაშინ მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება და 43%, გახსოვთ, რომ იყო მუდმივად სპეკულირების საგანი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, არა თუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა 7-8% დაახლოებით, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამას გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის შემოსვლა ასევე, ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, რა თქმა უნდა, დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, თუ შეიძლება ითქვას, რომ 7-8% მათაც დაემატათ ამ ვითარებაში და ამ ყველაფრის ფონზე, რაც მე მანამდე ჩამოვთვალე, 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება, დამეთანხმებით, რომ არის სერიოზული მიღწევა და ეს არის, მართლაც, ღირსეული გამარჯვება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.