მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ბრძენ ხალხს, რომელმაც გუშინ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ "ქართულ ოცნებას", ჩვენს მმართველ პარტიას გამოუცხადა ნდობა და ნდობის მანდატი დაუმტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაური საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, ცალსახად პოზიტიურია.
"შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში მოვიწვიეთ. ჩემი დავალებით, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გააგზავნა მოსაწვევი და მოვიწვიეთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლები. ამას გარდა, ადგილზე ჩამოსულნი იყვნენ NDI-ის და IRI-ის დამკვირვებლები, ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაცია, ევროპის საბჭოს დელეგაცია და ჯამში, ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ეს იყო მართლაც თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც კონკურენტულ პირობებში ჩატარდა. ალბათ არ გადავაჭარბებდი, რომ გვეთქვა, ეს იყო მართლაც ერთ-ერთი სანიმუშო არჩევნები, რომელიც შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ თვეების განმავლობაში და ვინც წლებია, 9 წლის განმავლობაში, 8 არჩევნები მოიგო და მოვუგეთ მართლაც ყველაზე მოძალადე ძალას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "იმედის კვირაში".