ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" უკვე მერვედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს - აცხადებს "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მიუხედავად, საჭიროა, ყველა ადამიანმა, ვისაც არ მიუცია ხმა, კენჭისყრაში ჩაერთოს.
პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ იყვნენ აქტიურები. საკმაოდ კარგი აქტივობა გვაქვს. მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა უკვე მერვედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა ამისთვის საჭიროა, ყველა ახლა გააქტიურდეს, ვინაიდან, როგორც ვიცით, დღის მეორე ნახევარი არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენი ოპონენტებიც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას დაიწყებენ აქტიურად. ჩვენ ამას ვხედავთ სხვადასხვა უბნებში, განსაკუთრებით თბილისში შეიმჩნევა, რომ აქტიურად ხდება მობილიზება საკუთარი ამომრჩევლების. გაჩვენეთ კიდეც, რომ მათი კოორდინატორები უბანთან გარშემო არიან. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, დღეს არის მათი დღე, უნდა თქვან, სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.