მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სამართლიანობის აღდგენის შემდეგ და მთავარი დესტრუქციული პერსონაჟის დაკავების შემდეგ ხვალინდელი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ რაიმე პროვოკაცია მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო სამსახურები მობილიზებულია, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სამართლიანობის აღდგენის შემდეგ და მთავარი დესტრუქციული პერსონაჟის დაკავების შემდეგ ხვალინდელი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ რაიმე პროვოკაცია მოხდება. თუ ვინმეს რაიმე მცდელობა ექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მყისიერი რეაგირება გვექნება და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ, მაგრამ მე მჯერა, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ძალიან მშვიდ ვითარებაში. ჩვენ, მთავრობა, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი უსაფრთხოების სამსახურები. ჩვენი პარტია, ათასობით ჩვენი მხარდამჭერი ვართ მობილიზებული, რომ მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები და მართლაც იყოს ერთ-ერთი სანიმუშო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. და აქვე მინდა, რომ მოვუწოდო სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც, რომ ასევე ანალოგიური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ გვჭირდება განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, მჯერა, რომ კახი კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში დედაქალაქი და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, პირველი ოქტომბრის შემოქმედებს, რიგით წევრებს, ყველას მინდა გულწრფელად მივულოცო დღევანდელი დღე. მათ მოიტანეს დღევანდელი დღე, მათ ეკუთვნით ეს გამარჯვება და მათ ეკუთვნით ხვალინდელი გამარჯვებაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.