მჯერა, პრეზიდენტი [ზურაბიშვილი] არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დასმულ შეკითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებას შეეხებოდა.
წულუკიანის თქმით, სააკაშვილს შესაძლოა შეწყალების იმედი იმან მისცა, რომ ნიკა მელია "უცხოელების ძალით დაპარპაშებს გარეთ, მათ მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ არის და უცხოელების თავდებობით რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში ყელყელაობს".
"ნიკა მელიას ვუსმენდი და ამბობდა, რომ კარგი იქნება ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ჩვენ თვითონ ვართ მთავარი და არა უცხოელებიო და ეს ის ნიკა მელიაა, რომელიც უცხოელების ძალით დაპარპაშებს გარეთ და მათ მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ არის და უცხოელების თავდებობით არის, რომ რომელიღაც ფეშენებელურ სასტუმროში ყელყელაობს.შეიძლება ამან მისცა სააკაშვილს იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც არის მზად ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ ლამის ბავშვობიდან, სტუდენტობის ასაკიდან და მეტნაკლებად მგონია შემიძლია გავთვალო, მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, რომ ეს იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა სამშობლოში იმისთვის, რომ საქართველო წინ წაიყვანოს და ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამას, ვინც არ უნდა სთხოვოს. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.