"თალიბანს" არ გაუწყვეტია კავშირი "ალ ყაიდასთან", - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ სენატის მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციაა.
"უნდა გვახსოვდეს, რომ "თალიბანი" იყო და რჩება ტერორისტულ ორგანიზაციად და რომ მას არ გაუწყევტია თავისი კავშირები "ალ ყაიდასთან", - თქვა მილიმ სენატის თავდაცვის კომიტეტში მოსმენის დროს.
მისივე თქმით, ტერორისტების მიერ ავღანეთის ტერიტორიიდან თავდასხმების ორგანიზების შესაძლებლობა რეალურია.
"ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა თალიბანი ავღანეთში ძალაუფლების კონსოლიდაციას, თუ ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვევა. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების დაცვა ავღანეთიდან წამოსული პოტენციური საფრთხეებისგან. აღდგენილი ალ ყაიდას ან ისლამური სახელმწიფოს თავდასხმისკენ სწრაფვა არის რეალური შესაძლებლობა", - თქვა გენერალმა.
გენერალ მილის განცხადებით, იგი დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან ჯარების სწრაფი გაყვანა ქვეყნის მთავრობის კოლაფსს და ქვეყნის სათავეში "თალიბანის" მოსვლას გამოიწვევდა.
"პრეზიდენტებს ვაფრთხილებდი, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების სწრაფი გაყვანა ქვეყანაში მიღწეული შედეგების დაკარგვას, საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ავტორიტეტის შელახვას, ავღანეთის მთავრობის დაშლას და ქვეყნის სათავეში "თალიბანის“ მოსვლას გამოიწვევდა", - თქვა მილმა.
ამერიკელი გენერლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტები სერიოზულად მოეკიდნენ მის რჩევებს, ისინი მაინც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ემხრობოდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა თქვა, რომ როგორც აღმოჩნდა ბაიდენი სამხედროების რჩევებს ყურს არ უგდებდა, რაზეც გენერალმა მიუგო, რომ პრეზიდენტი არ არის ვალდებული, ყოველთვის დაუჯეროს სამხედროებსო.