ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ შეძრწუნებულია მათ მიერ დაქირავებული ადამიანების მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო.
ჯანმო-ს აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა მატშიდისო მოეტმა ბოდიში მოუხადა იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც 2018-2020 წლებში ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ.
ადგილობრივმა ქალებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლის მანდატით მუშაობდნენ, მათ ალკოჰოლით ათრობდნენ და შემდეგ სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა მკაცრად დაგმო მომხდარი და მას მიუღებელი უწოდა.
ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შესახებ 35-გვერდიანი მოხსენება შემაძრწუნებელ ინფორმაციას მოიცავს და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ბოდიში უხდის.
"ვწუხვარ იმის გამო, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა გაგიკეთეს, იმის ნაცვლად, რომ დაეცავით და თქვენზე ეზრუნათ", - თქვა ღებერეიესუსმა.
გამოძიების ცნობით, სექსუალურ ძალადობაში სავარაუდო 83 დამნაშავიდან 21 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. დანაშაულები, რომელიც ასევე გაუპატიურების 9 შემთხვევას მოიცავს, სავარაუდოდ, ჩადენილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მუშაკების მიერ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ოთხ ადამიანთან კონტრაქტი უკვე შეწყვიტეს და დამატებით ზომებსაც მიიღებენ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 50-ზე მეტმა ქალმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები სექსუალურ ექსპლოატაციაში დაადაშაულა.
ფოტო: Getty Images