პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. გიორგი გახარია პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კობახიძის გამოკითხვა უნდა მოხდეს.
„გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.