საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე. ეს არის ის, რითიც ისინი მართავენ ქვეყანას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ებრძვის არა პუტინის რუსეთს, არამედ საზოგადოების კონტროლისთვის იყენებს სპეცსამსახურებს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სრულიად არასერიოზულია ლილუაშვილის განცხადება, რომ გადადგომას არ აპირებს.
„ჩვენ ვნახეთ მათი უტიფარი რიტორიკა, როცა აღშფოთება გამოხატეს ამაზე თუ როგორ გაჟონა და მოღალატეების ძებნა დაიწყეს. ახლა ვხედავთ, რომ საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე. ეს არის ის, რითიც ისინი მართავენ ქვეყანას. ამ მასალებმა, თუკი საბოლოოდ დადასტურდება ავთენტურობა და ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ავთენტურია, დაადასტურა უმძიმესი სურათი, რაც ვიცოდით, რომ ჩვენი ხელისუფლება და სპეცსამსახურები ებრძვის არა ჩვენი ქვეყნის მტერს - პუტინის რუსეთს და მათ ჯაშუშებს, არა ორგანიზებულ დანაშაულს ან შავრაზმულ ჯგუფებს, რომლებიც გადაბმულნი არიან გარე მტერთან, არა - უბრალოდ აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს და ყველაზე უფრო შავ-ბნელი განწყობილებების კონტროლით და გამოყენებით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ამ მასალებით ისიც ირკვევა, რომ სადაც მართლა ლეგიტიმური საფრთხე იკვეთება პუტინის რუსეთთან ჯაშუშური კავშირის, იმის გამოკვლევა არც აინტერესებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.