ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
"ჩვენთვის კი არ არის, ეს არის რეალურად თვითმმართველობის არჩევნები. პარტია "მოქალაქეები" მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, გველაპარაკა კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც კონკრეტულ ქალაქებს აწუხებს. ნუ, უფრო დიდი აქცენტი გვქონდა თბილისზე, აქ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ და ამიტომ. კანდიდატები სხვა რეგიონებშიც გვყავს, მაჟორიტარები. ჯამში, 12 რეგიონში და ასევე, საკრებულოს სიები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე", - განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აკეთებენ სხვა პარტიები აქცენტს რეფერენდუმზე, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი რეალობას არიან აცდენილი.
"ძალიან გულახდილად ვიტყვი - იმიტომ, რომ რეალობას არიან აცდენილი. ქმნიან ისეთ მოლოდინებს და საკუთარ თავს და ხალხს ისეთ მიზნებს უსახავენ, რომელსაც ვერ შეასრულებენ და მერე ამას მოჰყვება ხოლმე დიდი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ოპოზიციის მიმართ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ელისაშვილმა.