ENG / RUS       12+

ანგელა მერკელი - ერთი ეპოქის დასასრული

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობას ტოვებს. ფორმალურად, ის მაინც დარჩება კანცლერად, ვიდრე 26 სექტემბრის არჩევნების შედეგების თანახმად, ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით, დაბეჯითებით იმის მტკიცება, თუ ვინ გახდება მერკელის მემკვიდრე, სრულიად შეუძლებელია.

26 სექტემბერს საარჩევნო უფლების მქონე 60 მილიონზე მეტმა გერმანელმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ: ერთი ხმით ისინი მათი საარჩევნო ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორე ხმით პარტიას დაუჭერენ მხარს. პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ანგელა მერკელი თითქმის 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელონდა გერმანიას და იდგა ევროკავშირის სადავეებთან. მას მოუწია ისეთ კრიზისებთან გამკლავება როგორებიც იყო გლობალური ფინანსური კრიზისი, საბერძნეთისა და მიგრაციული კრიზისები, ბრექსიტი, ტრამპის პრეზიდენტობა და ბოლოს, პანდემია.

შეიძლება ითქვას, რომ კანცლერის თანამდებობას მერკელი სულ მცირე კიდევ რამდენიმე კვირას შეინარჩუნებს, რადგან ახალი მთავრობის ფორმირებას შესაძლოა, თვეებიც დასჭირდეს. თუმცა მიმავალი კანცლერი მოსალოდნელია, რომ განსკუთრებულად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს.

მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ანგელა მერკელს ასახელებენ როგორც ყველაზე გავლენიან, ძლიერ და ძლევამოსილ ქალ ლიდერს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მერკელმა კიდევ ერთი ტიტული დაიმსახურა - „თავისუფალი სამყაროს ახალი ლიდერი“.

ანგელა მერკელი პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა გერმანიის მთავრობას. კანცლერის პოსტზე მუშაობის ხანგრძლივობით მან უვე გადაუსწრო კონრად ადენაუერს, რომელიც 14 წელი განაგებდა გერმანიას და სულ ცოტა დარჩა ჰელმუტ კოლის მიღწევებამდე, რომელიც 16 წელი იდგა ქვეყნის სათავეში.

ყველაზე დიდხანს გერმანიას მე-19 საუკუნეში ოტო ფონ ბისმარკი მართავდა.

აღსანიშნავია, რომ ადენაუერისა და კოლისგან განსხვავებით, ანგელა მერკელმა თავად განაცხადა უარი კანცლეობისთვის ბრძოლაზე.

ანგელა მერკელმა სამი წლის წინ განაცხადა, რომ კანცლერობის ეს ვადა მისთვის ბოლო იქნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, იგი კვლავ რჩება ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად.

ბევრ გერმანელს ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, როგორი იქნება მათი სამშობლო ანგელა მერკელის გარეშე, თუმცა საარჩევნო ყუთებთან მათ მაინც მოუწევთ თავიანთი არჩევანის გაკეთება. 

კანცლერობის მთავარი პრეტენდენტები არიან - სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ოლაფ შოლცი, ანგელა მერკელის თანაპარტიელი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანდიდატი არმინ ლაშეტი და მწვანეთა პარტიის ლიდერი ანნალენა ბერბოკი.

ბოლო გამოკითხვით, ოლაფ შოლცი ლიდერობს.

ფრთხილი, პრაგმატული და კომპრომისული

ანალიტიკოსების დაკვირვებით, მერკელი არ არის კარგი ორატორი და მისი მმართველობა მშვიდ პრაგმატიზმზეა დაფუძნებული.

ანგელა მერკელს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ იგი საკმარისად სწრაფად არ იღებდა გადაწყვეტილებებს, ასევე, ხშირად, ერჩივნა გადამჭრელი ნაბიჯების გადადმის ნაცვლად კომპრომისული გზები მოეძებნა.

ზოგადად, მერკელს მეტისმეტად ფრთხილი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, თუმცა მის პოლიტიკურ კარიერაში იყო ეპიზოდები, როდესაც არ იყო ფრთხილი. საილუსტრაციოდ, ისიც კმარა, რომ გავიხენოთ 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისი, როდესაც მან კარი გაუხსნა ათეულ ათასობით თავშესაფრის მაძიებელს ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან.

მერკელის ღია კარის პოლიტიკას დღემდე უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ სწორედ მერკლის ამ გადაწყვეტილებამ წარმოშვა ევროპაში მიგრაციის დაუძლეველი ტალღები. ამასთანავე, ამ პროცესებმა მეტისმეტად დააძლიერა ნაციონალისტური პარტიები, რომლებიც მიგრაციას ლამის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპირველეს საშიშროებად მიიჩნევენ.

ანგელა მერკელის უდავოდ ძლიერ მხარეს კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტის უნარს მიიჩნევენ. სწორედ გერმანიის კანცლერმა ითამაშა უდიდესი როლი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ევროს გადარჩენაში. მაშინ ანგელა მერკელი ამბობდა, რომ ევროს დაცემა, მთელი ევროპის დაცემას გამოიწვევდა.

"სადაც არის სურვილი, იქნება გამოსავალი", - ეს ფრაზა მერკელმა რამდენჯერმე გაიმეორა საბერძნეთის ვალის კრიზისის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელს ევროზონას.

მერკელი, პუტინი და რუსეთი

აღმოსავლეთ ევროპაში ანგელა მერკელს განსაკუთრებით რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან კომპრომისული და „მეტისმეტად ფრთხილი“ პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

2005 წელს როდესაც ანგელა მერკელი კანცლერი გახდა, პრესა პროგნოზირებდა, თუ როგორი იქნებოდა მისი ურთიერთობები კრემლთან. ერთი მოსაზრებით, ანგელა მერკელი, რომელიც გაიზარდა და თავისი ზრდასრული ცხოვრების ნაწილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაატარა, უგულვებელყოფდა სოციალისტურ წესრიგს და რუსეთის მიმართ ნდობა არ ექნებოდა.

სხვები თვლიდნენ, რომ მერკელიც და პუტინიც საუბრობენ გერმანულადაც და რუსულადაც, შესაბამისად, არ გაუჭირდებოდათ საერთო ენის გამონახვა.
მეტნაკლებად ორივე პროგნოზი ახდა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, 2002 წელს, როდესაც პუტინმა ბუნდესტაგში ისაუბრა ცივი ომის შემდგომ ახალ სამყაროზე, ანგელა მერკელმა, მაშინ ოპოზიციის ლიდერმა, გვერდით მჯდომს ჩასჩურჩულა: "ეს ტიპიური საბჭოთა უშიშროების თანამშრომლის გამოსვლაა. ამ ბიჭის ნდობა არ შეიძლება“.

ასეა თუ ისე, მთელი კანცლერობის განმავლობაში, მერკელი ყოველთვის ცდილობდა რუსეთთან, კერძოდ, პუტინთან ესაუბრა.

მერკელის პოლიტიკის მომხრეები ამბობენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, გერმანიის კანცლერი იძულებულია, გაითვალისწინოს თავისი პარტიის წამყვანი პოლიტიკოსების, კოალიციური პარტნიორების, გერმანიის რეგიონის ლიდერების, ბიზნესის, პარტნიორი ქვეყნებისა და ბრიუსელის პოზიციები.

ანგელა მერკელის კანცლერობისას მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი, ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლა, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა ბრიტანეთში, ყირიმის ანექსია, ომი უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ბუნდესტაგზე მასშტაბური კიბერთავდასხმა, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, და ბოლოს ალექსეი ნავალნის მოწამვლა, რომლის გამოძიებაში ბერლინიც მონაწილეობდა.

გერმანია, ევროკავშირთან ერთად, ინარჩუნებს სანქციებს რუსეთის მაღალჩინოსნებისა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ, თუმცა ისინი არც ისე მტკივნეულია. გერმანული ბიზნესი აგრძელებს მუშაობას რუსეთში, ხოლო რუსული გაზი მიედინება გერმანიაში.

ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი

ახლა ყველას ის აინტერესებს, იქნება თუ არა გერმანიის ახალი კანცლერი ანგელა მერკელის მსგავსი ლიდერის სრულფასოვანი შემცვლელი.

ერთი მხრივ, გერმანიის ნებისმიერი კანცლერი, როგორც ევროკავშირის უდიდესი და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა, გარკვეულწილად „განწირულია“ იყოს მთელი ევროპის ლიდერი. მეორე მხრივ, ისეთ ავტორიტეტი, როგორიც მერკელს აქვს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმემ ადვილად მოიპოვოს.

ანგელა მერკელი - მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

მსოფლიში გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი ჰამბურგში 1954 წლის 17 ივლისს დაიბადა, თუმცა მალევე მისი ოჯახი აღმოსავლეთ, "კომუნისტურ" გერმანიაში გადავიდა სახოვრებლად, სადაც ის გაიზარდა.

1954 წლის შემოდგომაზე ანგელა მერკელის ოჯახი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ პერლბერგში გადადის საცხოვრებლად;

1989-1990 - დემოკრატიული მოძრაობის ტალღაზე მერკელი მიდის პოლიტიკაში და ხდება გერმანიის დემოკრატუიული რესპუბლიკის პირველი და ბოლო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის პრესმდივნის მოადგილე;

1990 წლის 2 დეკემბერი - მერკელი ხდება ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) ს წევრი და გაერთიანებული გერმანიის ბუნდესტაგის პირველ არჩევნებში იმარჯვებს;

1991-1994 - მერკელი - ქალებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჰელმუტ კოლის მთავრობაში;

1994-1998 - მერკელი - გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი ჰელმუტ კოლის მთავრობაში;

1998 წელი - CDU, რომელმაც წააგო არჩევნები სოციალისტებთან, ირჩევს მერკელს მის გენერალურ მდივნად, ანუ პარტიის აპარატის უფროსად;

2000 წელი - მერკელი ხდება CDU- ს თავმჯდომარე - პირველი ქალი ისტორიაში, რომელიც ხელმძღვანელობს გერმანულ პარტიას;

2005 წლის 30 მაისი - CDU/CSU მერკელის ხელმძღვანელობით ამარცხებს სოციალისტ გერჰარდ შრედერს და ბრუნდება ხელისუფლებაში;

2005 წლის 22 ნოემბერი - ხანგრძლივი კოალიციური მოლაპარაკებების შემდეგ, ბუნდესტაგი ამტკიცებს მთავრობას მერკელის მეთაურობით, რომელიც ხდება პირველი ქალი კანცლერი გერმანიის ისტორიაში;

2009, 2013, 2017 - CDU / CSU მერკელის ხელმძღვანელობით აგრძელებს არჩევნებში გამარჯვებას;

2018 წლის 29 ოქტომბერი - მერკელმა განაცხადა, რომ ის არ მიიყვანს პარტიას მომავალ არჩევნებში და უახლოეს მომავალში დატოვებს CDU– ს თავმჯდომარის პოსტს;

2018 წლის 7 დეკემბერი - მერკელის ფავორიტი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს CDU-ს თავმჯდომარედ (მოგვიანებით მას არმინ ლაშეტი ჩაანაცვლებს);

2021 წლის 26 სექტემბერი - ბუნდესტაგის მორიგი არჩევნები, რის შემდეგაც ანგელა მერკელი დატოვებს გერმანიის კანცლერის პოსტს.