წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? - ასე მიმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიებსა და "მათ უკან მდომ პირებს".
დეკანოზმა ჯაღმაიძემ სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ესტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია, მაშინ როცა ეკლესია მუდმივად გაერთიანებაზე ზრუნავს.
"ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ კიდევ ერთხელ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.