ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას, თან მრავალი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელი მივიღეთ დროებით საქათველოდან მუშაობის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ქმედებები ცხადყოფს ჩვენი პარტნიორებიდან მომდინარე თანამშრომლობის თხოვნას როგორ ვპასუხობთ და რა შედეგი მოაქვს ერთად მუშაობას.
„მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველომ საფუძველი შეუქმნა აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას. ამავდროულად, სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გააზიარა.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.