რისთვის მემუქრება საკანი? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისთვის, რომ სიღარიბე 3-ჯერ შევამცირე? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მის წინააღდეგ წაყენებული ყველა ბრალდება თავიდან ბოლომდე ყალბია.
"რისთვის მემუქრება საკანი? იმისათვის, რომ არაფერი არ ჩამიდენია? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისათვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან? იმისათვის, რომ 12-ჯერ გავზარდე ბიუჯეტი? იმისთვის, რომ სიღარიბე 3-ჯერ შევამცირე? იმისათვის, რომ 4-ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? იმისათვის, რომ საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად ვაქციე? რისთვის მემუქრება საკანი? ამ კითხვას რატომ არ სვამთ?
თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვას ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. თუ ამას დაუშვებს. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე არაფრის არ მეშინია, მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, მე მივდივარ ბოლომდე. თუ ქართველი ხალხი მზად არის, რომ მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვან ციხეში, კი ბატონო. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
მთავარი კითხვა აქ არის. ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან. ნამდვილად ყველა ის ბრალდება, რომელიც წამომიყენეს არის თავიდან ბოლომდე ყალბი და ეს ყველამ იცის და მათ შორის მათაც იციან. კი ბატონო. არ შერცხვებათ ყველა იმათ, მათ შვილთაშვილებს, ადამიანზე, რომელზეც კონგრესში უწოდებენ ჩვენი რეგიონის ჯორჯს ვაშინგტონს, ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც იმის მაგივრად, რომ ეს ჯორჯ ვაშინგტონი სადღაც ძეგლი დაედგათ მისთვის, [მე ვიძახი ფიგურალურად, ძეგლს არ ვითხოვ] აიღეს და ჩვეულებრივად ჩაკეტეს დილეგში. კი ბატონო, რა პრობლემაა", - თქვა სააკაშვილმა.