ბელორუსმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის პროგრამა შეცვალეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან დაგეგმილი შეხვედრები გადაიდო.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ სტუმრებმა "ბათუმში წასვლა მოინდომეს".
"სტუმრები ბათუმში მიდიან. იქ ჩასვლა მათი სურვილი იყო. იმდენი ველაპარაკეთ მასზე რომ იქ ჩასვლის სურვილი გამოთქვეს" - სწორედ ამით ხსნის იაკობაშვილი დეპუტატების ვიზიტის პროგრამის ცვლილებას.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოში მათ ვიზიტს, იაკობაშვილის განმარტებით ის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში რომ ისინი თავად დაინახავენ არსებულ რეალობას და პირველი პირებისგან მოისმენენ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც რუსეთის ქმედებებს ახლავს.
"ბელორუსის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს. ბელორუსია ცდილობს დიპლომატიური მანევრები განახორციელოს, რათა მძიმე გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კონფლიქტური რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში ხელს შეუშლის, რაც ევროკავშირმაც დაადასტურა", - განაცხადა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის პირველადი ვარიანტის მიხედვით, ბელორუსი დიპლომატები დღეს დღის განმავლობაში თემურ იაკობაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, გია ბარამიას და დიმიტრი სანაკოევს უნდა შეხვედროდნენ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და უკრაინული პრესის მიერ ომის შემდგომ პერიოდში ახალგორში მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ინცინდენტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით უკრაინული პრესის შეფასება თითქოს ინცინდენტი ქართული მხარის მიერ იყო პროვოცირებული არასწორია.