ჩინეთის სახალხო ბანკის გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტით ტრანზაქციების განხორციელება უკანონოდ გამოცხადდა.
ჩინეთის ეროვნული მარეგულირებელი თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აკრძალვა ასევე ეხება კრიპტოვალუტებს - ტეზერსა/Tether და ბიტკოინს/Bitcoin.
ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთში ფაქტობრივად იკრძალება კრიპტოვალუტა.
"ენერგიულად ვებრძვით კრიპტოვალუტით ვაჭრობას და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ გარიგებებს, ასევე უკანონო ქმედებებს, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ქონება და შევინარჩუნოთ ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური წესრიგი", - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ჩინეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინები, არ არის გამყარებული რეალური ღირებულებით და ამიტომ არ შეიძლება იყოს ისინი მიმოქცევაში.
პეკინის ამ გადაწყვეტილების ფონზე, გლობალურ ბაზარზე კრიპტოვალუტების ღირებულება შემცირდა, ბიტკოინის ღირებულება 7.8%-ით დაეცა, ეთერიუმისა კი 11%-ით.
ჩინეთი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია მსოფლიოში და იქ მიღებული გადაწყვეტილებები არყევს გლობალურ ბაზარს, რაც ფასებზეც აისახება. კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჩინეთში გასულ წელს მოიპოვეს ბიტკოინის გლობალური წარმოების დაახლოებით 65%.
კრიპტოვალუტით ვაჭრობა ჩინეთში ოფიციალურად 2019 წლიდან აიკრძალა, თუმცა ონლაინ რეჟიმში უცხოური ბირჟების საშუალებით, კვლავ შესაძლებელი იყო ვაჭრობა.
2021 წლის ივნისში, ჩინეთმა მკაცრად მოუწოდა ბანკებს, შეეწყვიტათ კრიპტოვალუტების მხარდაჭერა.