გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას სწორედ ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ შეძლოს კონკურენცია "ქართულ ოცნებასთან", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია.
"გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია, და ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ვარ მისი გუნდის წევრი და არა მხოლოდ მის საჯარო აქტივობებს, არამედ საჯარო განცხადებებსაც ასევე ვაკვირდები, ვხედავ როგორც შტაბის უფროსს, როგორ მუშაობს ის, და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ის არის ფრონტის წინა ხაზზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი მელიას - "ნაძირალა".