საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გმობს და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მშვიდ ვითარებაში განაგრძონ წინასაარჩევნო კამპანია.
წულუკიანის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის შემთხვევები შემცირებულია.
"ჩვენ გვაქვს ძალიან სამწუხარო ორი მაგალითი ძალადობისა, რაც პირდაპირ ერთხელ უკვე დავგმე და მეორედ ყოველთვის დავგმობ, რადგან მაშინაც ყოველთვის ვიბრძოდით, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ ყოფილიყო მუშტი-კრივი და მითუმეტეს ის საშინელება, რაც ვიხილეთ დმანისში, როდესაც ადამიანი იქნა დასახიჩრებული. მივესალმები იმას რომ გამოძიება სწრაფ რეჟიმში წავიდა. ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი შედეგებიც, მაგრამ როდესაც ვადარებ წარსულ პერიოდს და ვიხსენებ 2013 წელს, 2014 და მომდევნო წლებს ვხედავთ, რომ ძალადობის შემთხვევები არის შემცირებული, თუ კი ეს იყო ხოლმე მაგალითად 2013 და 2014 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას და სტატისტიკაც გამოქვეყნებულია ოფიციალურად მაშინდელი ათეულობით შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ეს ორი შემთხვევა საშინელი შემთხვევა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ასევე ორი ოქტომბრის შემდეგ, სანამ ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს. არ შეიძლება რომ მუშტი-კრივი იყოს არჩევნები. ამიტომაც ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მშვიდად შევეჯიბროთ ერთმანეთს და შემდეგ ამომრჩეველი აირჩევს, ვინ უნდა დარჩეს, ვინ უნდა წავიდეს, ვის ეკუთვნის მეორე ტური, ვის არ ეკუთვნის და ა.შ", - განაცხადა წულუკიანმა.