სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია აცნობეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.
"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია, რომ ჩვენ ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს. საბოლოოდ ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენს წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მედიაში გავრცელებული სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების თანახმად ირკვევა, რომ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა ევროკავშირის ელჩის, ისრაელის ელჩის, ამერიკის, გერმანიისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლების მიმართ. ჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.