შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ეს არის ბაიდენის პირველი სიტყვით გამოსვლა გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე პრეზიდენტის რანგში.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, ისე, როგორც არასდროს, რათა წინ აღუდგნენ გლობალურ გამოწვევებს.
"ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში კონფლიქტის ოცწლიანი პერიოდი და ამით დავამთავრეთ უწყვეტი ომის ერა. ჩვენ ვიწყებთ ახალ ერას - უწყვეტი დიპლომატიისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს მრავალმხრივ ინსტიტუტებს საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პრობლემების.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართონ.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ წინ აღუდგება ძლიერი სახელმწიფოების მცდელობებს, დომინირებდეს მასზე სუსტებზე.
ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომლებიც მშვიდობიან მიზნებს ისახავს.
მან თქვა, რომ აშშ-ს განზრახული აქვს მიაღწიოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას.
მისივე თქმით, აშშ კვლავ არ დაუშვებს ირანმა მიიღოს ბირთვული იარაღი.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერასა და ახლოაღმოსავლეთის პრობლემის გადაჭრაზე.
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება ყველას, ვინც იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, კერძოდ, ახსენა სამხრეთ სუდანი, ჩეჩნეთი და მოლდოვა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს დამატებით ვალდებულებებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ იმუშავებს კონგრესთან ერთად, რათა გაორმაგდეს დახმარების საერთაშორისო პროგრამების დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელიც მიმართულია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისკენ.