კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდო ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
ეს არის ჯასტინ ტრუდოს მესამე საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ იდგა და ის მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვა იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად 170 მანდატის მიღებაა საჭირო, ჯასტინ ტრუდოს პარტიას კი მხოლოდ 156 მანდატი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს, რაც არც ისე იშვიათი მოვლენაა კანადისთვის.
კანადის კონსერვატიული პარტია სავარაუდოდ კვლავ შეინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს და დაახლოებით 122 მანდატს მიიღებს.
"ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მილიონობით კანადელმა ხმა პროგრესულ გეგმას მისცა", - განაცხადა ტრუდომ სამშაბათს დილით მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
როგორც იუწყებიან, არჩევნები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე გაიმართა, ყველაზე ძვირადღირებული არჩევნები იყო კანადის ისტორიაში. ამ არჩევნების გამართვა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდა.
ექსპერტების განცხადებით, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც 2019 წლიდან უმცირესობის მთავრობას უდგას სათავეში, ყველასთვის მოულოდნელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ იმედი ჰქონდა, უმრავლესობის მოპოვებას და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებდა.