ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, უმუშევრობაზე, მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ანზორ მელიამ ისაუბრა ოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიაზე და საქართველოს დასავლური გზის მნიშვნელობაზე.
"ახლა ვდგავარ ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვიხსენებ იმ არჩევნებს, როცა მთელი ქართველი ერი ერთ მუშტად იყო შეკრული და ამან გამოიღო დიდი შედეგი, მაგრამ, ვაი, რომ ჩვენს მტრებს არ ეძინათ და დაამხეს ჩვენი პატრიოტი პრეზიდენტის ხელისუფლება.
ყველა უნდა ჩავდგეთ საქართველოს გადარჩენის რიგებში, იმიტომ რომ, უკვე დაუფარავად გვექაჩებიან რუსეთისკენ. ამიტომ, მე გადავწყვიტე, ჩემს შვილთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე დავდგე და ჩემს ხალხს ვუთხრა: თქვენ არა ხართ ღირსნი, იცხოვროთ ასეთ გაჭირვებაში .
მე აქ არ ჩამოვსულვარ არც სიმდიდრის დასაგროვებლად, არც სახლების საყიდლად, მე ჩამოვედი, რომ თქვენ გემსახუროთ", - განაცხადა ანზორ მელიამ.
შეხვედრის ბოლოს, მან ამომრჩევლებს დარჩელის მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარუდგინა.