მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უკვე შეგუებულია მარცხს, ამიტომ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.
ამასთან, თეა წულუკიანმა ყველას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "ქართულ ოცნებას".
"არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ. არჩევნები არ არის მათთვის საინტერესო. ისინი შეგუებულნი არიან მარცხს. ამისთვის საკმარისია, გაიკითხოთ თქვენს სამეზობლოში, რომელი პარტია აქტიურობს ველზე ყველაზე მეტად. ოპოზიცია არც კი აქტიურობს ველზე, თუ არ ჩავთვლით სპორადულ გამოვლინებებს. მათთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს არ არის ადვილი, როცა ცხრა წელი ხელისუფლებაში ხარ. პრობლემა ამ ქვეყანაში უამრავია, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება, ყველაზე მეტად ენდო. ამიტომაც, ყველას მინდა, მოვუწოდო ამ პარტიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, ვინც ჩვენ შეგვცვლის და, ვისაც შერცხვება ტყუილის, ვინც არ იქნება სინდისთან მწყრალად და, ვისაც, შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველამ ერთად გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა წულუკიანმა.