ევროპარლამენტარებმა Renewal Europe ჯგუფიდან, აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული 2021 წლის "სახაროვის პრემიაზე" რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი წარადგინეს.
"ალექსეი ნავალნი იბრძვის იმ ყველაფრის მოსაპოვებლად, რასაც ევროკავშირი მთელს მსოფლიოში უჭერს მხარს - დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, სიმართლისა და თავისუფლებისთვის. იბრძვის იმისთვის, რასაც ჩვენ ხშირთად თავისთავად ვიღებთ, მაგრამ მის ქვეყანაში, პუტინის რუსეთში, ეს ბრძოლა ნავალნის ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა", - განაცხადა Renewal Europe-ის წევრმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გი ვერჰოფშტადტმა.
ევროპარლამენტარის თქმით, "ნავალნი ჩაგვრის ნამდვილი სიმბოლო გახდა რუსეთში. მას მხარს უჭერს ბევრი რიგითი რუსი, რომელთაც აზრის გამოხატვის ეშინიათ და ისინი ევროკავშირის მხარდაჭერას იმსახურებენ".
ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავალნი არის ადამიანი, რომლისაც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია.
გასულ წელს, სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა.
სახაროვის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
უმცირესობის უფლებების დაცვა.