BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის ფანჯშირის პროვინციაში თალიბები მშვიდობიან მცხოვრებლებს ხოცავენ. BBC-მ შეძლო კადრების მოპოვება, სადაც მოქალაქეების მკვლელობებია ასახული. როგორც BBC-ის გამოძიებით დადგინდა, ცნობილი გახდა დანაშაულის 20-მდე ფაქტი.
ფანჯშირის ხეობაში, თალიბების მიერ სხვა რეგიონების დაკავების შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობა აჰმად მასუდის მეთაურობით ბრძოლას არ წყვეტდა. ფანჯშირის ხეობისთვის ბრძოლა სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ თალიბებმა განაცხადეს, რომ ხეობაზე კონტროლი დაამყარეს.
BBC-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, მამაკაცი, რომლიც შეიარაღებული პირების ალყაშია მოქცეული. ისმის სროლის ხმა და მამაკაცი მიწაზე ეცემა.
"თალიბანის" სისასტიკეს ემსხვერპლა მაღაზიის მფლობელი აბდულ სამიც. ადგილობრივი წყაროს ინფრომაციით, ის გაქცევას არ აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ თალიბების ხელში საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ახალი რეჟიმის ძალებმა აბდული დააპატიმრეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი ცხედარი მისივე სახლთან დატოვეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სხეულზე აბდულს წამების კვალი ეტყობოდა.
ქაბულის ხელში ჩაგდების შემდეგ "თალიბანმა" პირობა დადო, რომ ძველ მტრებზე შურს არ იძებდა, თუმცა ავღანეთიდან ახალ-ახალი ცნობები მოდის, თალიბანის მხრიდან იმ პირების დევნის შესახებ, რომლებიც ყოფილ მთავრობასთან თანმშრომლობდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი პატრიცია გროსმანი ამბობს, რომ „თალიბანის“ საველე მეთაურები, შესაძლოა, არ ემორჩილებოდნენ ცენტრის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას და თვითმებურად მოქმედებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ თალიბები მოსახლეობას მოუწოდებენ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ, მშვიდობიანო მცხოვრებლები ფანჯშირის ხეობას ყოველდღე ტოვებენ.