პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტის ჩასატარებლად ევროპაში გაემგზავრება.
გახარიას განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღდეგ მზადდებოდა პროვოკაცია, ამიტომ გადაწყვიტა ნარკოტესტი საზღვარგარეთ ჩაიტაროს.
„რაც შეეხება ასე მოულოდნელად ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოჭრილ ნარკოტესტირების საკითხს, მოგეხსენებათ, თუ არ ვცდები გუშინ, კახა კალაძემ და „ოცნებამ“ განაცხადეს, რომ თურმე მათთვის ეს საკითხი დახურულია, ეს თემა ამოწურულია. მინდა, გითხრათ, რომ ეს საკითხი ჩემთვის დახურული არ არის, მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ამ საკითხზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, ასე გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო მთელი პროპაგანდისტული „მაშინა“, რომელიც მუშაობს ადამიანის ბრალდებაზე ასე გვერდიდან, სუბიექტურად. შემდგომ ერთ-ერთ შენსავე პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, „რუსთავი2“-ზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, გაურკვეველი მიზეზების გამო და აუხსნელად, მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს რაღაც პრიმიტიული კითხვით, ნარკოტესტს ჩაიტარებ, თუ არა. შემდგომ ამას მოყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის, პირველ რიგში სუს-ის მუშაობა და ინფორმაციის დალექვა, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მე პატივს ვცემ საქართველოს მოქლაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფროსწორად არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.