საქართველოს სჭირდება ახლა შველა და თქვენი პატრიოტიზმისა და განსაკუთრებულობის იმედი მაქვს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.
სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილს სამხედროები ეზიზღება და მისი ტაქტიკაა, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავდეს.
"მინდა მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ. ვამაყობ იმით, რომ თქვენთან ერთად შევქმენი პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი, ბრძოლისუნარიანი, საამაყო საბრძოლო შენაერთები, რომელთაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. არასოდეს დამავიწყდება ამერიკის გენერალური შტაბის უფროსის გამოხმაურებები ქართველ სამხედროებზე, სხვა უცხოელი გენერლების და ხელმძღვანელების.
თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ სჭირდება საქართველოს. თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს, რომ მათ არ შუექმნან პრობლემები და გააკონტროლოს დანარჩები ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, არ წყდება, ბინები, მივლინებები მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებებით. საუკეთესო ოფიცრები, ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენებსაც გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი ქართველი კაცის სულთან", - ამბობს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს სამხედროებს, სამოქალაქო ვალის შესასრულებისა და არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისკენ.
"ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების, რომელმაც მოიპარა ოქტომბრის არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან და გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით და მუქარებით ინარჩუნებს, და ქრთამებით კაბინეტებს. საქართველო არის გადასარჩენი და მე მოგმართავთ თქვენ როგორც საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე, ხელშეკრულების აღდგენისთვის იმიტომ რომ ეს არის რეფერენდუმი და იმისათვის, რომ ისინი დავაბრუნოთ სამართლებრივ ველში. საქართველოს სჭირდება ახლა შველა და თქვენი პატრიოტიზმისა და განსაკუთრებულობის იმედი მაქვს, თქვენი და ასევე ჩვენი გმირი ვეტერანების შეიარაღებული ძალების", - აცხადებს სააკაშვილი.