პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ 2022 წლის საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
"გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე",- განაცხადა იდალგომ რუანში სიტყვით გამოსვლისას.
ან იდალგო პარიზის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ის პირველი ქალია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. იდალგო ქალაქის თავი იმ მძიმე პერიოდში იყო, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქმა რამდენიმე ტერორისტული აქტი, "ყვითელი ჟილეტების" აქციები და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი გადაიტანა.
ან იდალგო სოციალისტური პარტიის წევრია, ის პოლიტიკაში 1997 წლიდანაა. პოლიტიკოსი ამჟამად 62 წლისაა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 10 აპრილს არის დაგეგმილი.
სეტქემბერში Harris-Interactive-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, არჩევნები დღეს რომ გამართულიყო, ახლანდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მცირე სხვაობით აჯობებდა ულტრამემარჯვენე პარტია "ნაციონალური გაერთიანების" ლიდერ მარინ ლე პენს. გამოკითხვის მიხედვით, მაკრონი პირველ ტურში აიღებდა ხმათა 26 პროცენტს, მარინ ლე პენი კი - 24%-ს.
იგივე გამოკითხვის თანახმად, ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი, ვალერი პერკესი პირველ ტურში მიიღებდა ხმათა 14 პროცენტს, შესაბამისად, მესამე ადგილს ის დაიკავებდა.
მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში მაკრონი მიიღებდა ხმების 55 პროცენტს, ლე პენს კი მხარს ამომრჩეველთა 45 პროცენტი დაუჭერდა.