თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, "საერთო სახალხო მოძრაობის" დაფუძნებასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ორგანიზაციაში მოქალაქეები გაერთიანებული არიან იდეით, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის აუცილებელი.
„ორგანიზაცია არის ადამიანების სამოქალაქო ერთობა და გაერთიანებული არიან იმ იდეით, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტის დაბრუნება არის აუცილებელი. დიახ, უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ, ყველა უნდა მოვიქცეთ ძალიან კეთილგონივრულად და ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციის მიცემის გარეშე, ის უნდა დაბრუნდეს და სამშობლოში შეაფასოს საკუთარმა ამომრჩეველმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისვე თქმით, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დევნილობაში იმყოფება.
„ის არის დევნილი პრეზიდენტი, რაც არის ქვეყნის სირცხვილი, რადგან არც ერთ ქვეყანაში, ავიღოთ ისრაელის, სხვა ქვეყნების მაგალითი, ასე არ მოქცევიან პრეზიდენტს. რეალურად, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც დევნილობაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფოტო: რადიო თავისუფლება