უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოში არსებული რეალობა ადეკვატურად იქნება ასახული.
"ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამეტნო ასამბლეაზე რეზოლუციის მიღება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მასში იქნება ის რეალობა ასახული, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. იმედი მაქვს, რომ ხაზგასმით იქნება დოკუმენტში დაფიქსირებული საქართველოს დეოკუპაციის, ეთნიკური წმენდის შედეგებისა და უკანონო აღიარების გაუქმებასთან დაკავშირებით მოთხოვნები" - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ნოემბერს, ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება იგეგმება.