ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის. ამის შესახებ "თალიბანის" სპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა გერმანულენოვან გამოცემა Welt am Sonntan-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვსურს მჭიდრო და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები", - თქვა მუჯაჰიდმა.
მისივე თქმით, "თალიბანს" გერმანიისგან ფინანსური დახმარების მიღების იმედი აქვს.
"იმედი გვაქვს, გვექნება ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ვითანამშრომლებთ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში როგორც გერმანიასთან, ასევე სხვა ქვეყნებთან", - დასძინა მან.
"თალიბანი" 15 აგვისტოს შევიდა ქაბულში, ხოლო 3 სექტემბერს განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა მთელ ავღანეთზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ბერლინი მხარს უჭერს "თალიბანთან" მოლაპარაკებებს და ფინანსურ მხარდაჭერასაც არ გამორიცხავს, გარკვეული პირობებით.
ბერლინი "თალიბანისგან" მოითხოვს, ჩამოაყალიბოს ინკლუზიური მთავრობა, სადაც მხოლოდ "თალიბანის" წარმომადგენლები არ იქნებიან, დაიცვას ადამიანის უფლებები და ყველაფერი იღონოს, რომ ავღანეთი კვლავ არ გახდეს "ტერორიზმის საყრდენი".
"ავღანეთში ახლა ახალი რეალობაა შექმნილი, გვსურს ეს ჩვენ თუ არა", - თქვა მაასმა.