"ოცნების" ხელისუფლებამ მოიტანა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა; ჩვენი მმართველობის პერიოდი, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად და იმ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ მართლაც მოვიტანეთ თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს.
„ეს არის პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია და რატომ ვახსენებთ ომს ყოველ გამოსვლაში - იმიტომ, რომ ომს მოაქვს ნგრევა და უმძიმესი შედეგი, რომლის გამოსწორებაც თაობებს უწევს შემდეგ. როგორ შეიძლება, არ აღნიშნო ის დამანგრეველი შედეგები, რომელიც მოიტანა 2008 წლის აგვისტოს ომმა?! ასობით დაკარგული სოფელი, კოდორის ხეობა თუ უამრავი დაღუპული ჩვენი გმირი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაანგრია ქვეყანა ერთხელ, ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ მას ქვეყნის დანგრევის უფლებას. ჩვენ ქვეყანას ვმართავთ პასუხისმგებლობით გრძნობით, სიყვარულით, გვაქვს შეცდომებიც, არასოდეს არ დაგვიმალავს, მაგრამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს თითოეულ ქალაქში, თითოეულ მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ყველა არჩეული მერმი მოემსახუროს და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, ქალაქს, მუნიციპალიტეტს და ხალხს. ასეთი კაცი შევარჩიეთ ქუთაისისთვის, ამ ულამაზესი ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრისთვის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილი. კაცი, რომელსაც მთელი ქუთაისი იცნობს, რომელიც ღირსეული ქუთაისელია და რომელიც ღირსეულად ემსახურება თავის ულამაზეს ქალაქს, აქვს დიდი გამოცდილება. მუშაობდა მანამდე გუბერნატორის მოადგილედ, შემდეგ, ახლა არის ქალაქის მერი და ღრმად ვარ დარწმუნებული, იგი წარმატებით გააგრძელებს ქუთაისის მერის თანამდებობაზე მუშაობას და მოგემსახურებათ თქვენ, ქუთაისელებო“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მერმა მოქალაქეებს ყველგან - ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს და მოუგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია.
„ამიტომაც, მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ სრული მობილიზაციისკენ. ჩვენ ღირსეულად და დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ 2 ოქტომბერს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და პროგრესი. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის და სიღარიბის დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია ინტენსიური, ძლიერი მუშაობით 10 წელიწადში მთლიანად გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.