დიმიტრი ლორთქიფანიძე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ პაატა დავითაიასაც გაემიჯნა და პარტია "ჩვენ თვითონ" დატოვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჟურნალისტებთან აღნიშნულის მიზეზებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ სურს პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძოს.
რაც შეეხება ფრაქცია "ძლიერ საქართველოს", ლორთქიფანიძე ამ ეტაპზე მის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ფრაქცია მისთვის "მნიშვნელოვანი ტრიბუნაა".
"მაქვს ისეთი საკითხები, რომელსაც თავს ვერ მოვახვევ პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც არ უნდა ვიყო და შეუძლებელია ყოველი ნაბიჯი მასთან იყოს შეთანხმებული. ამ შემთხვევაში არ ვკონკრეტდები, მაგრამ ვაცხადებ, რომ
პარტიიდან წამოსვლის შემდეგ დამოუკიდებლობის ხარისხი შევიძინე. რაც შეეხება ფრაქციას, "ძლიერ საქართველოში" ვრჩები, ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ტრიბუნაა", - განუცხადა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ჩვენ თვითონ" მეორე პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც ლორთქიფანიძემ დატოვა. მანამდე ის სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზის" წევრი იყო.