პუტინთან კეკლუცობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ.
დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თვითონ აკეთებს ამ დეკლარირებას, რომ საქართველომ გადაუხვია მკვეთრად ევროატლანტიკური კურსიდან.
"ახლა უკვე ღარიბაშვილი და საქართველოს ხელისუფლება თვითონ აკეთებს ამ დეკლარირებას, რომ საქართველომ გადაუხვია მკვეთრად ევროატლანტიკური კურსიდან და მე მახსენდება 2013 წლის ნოემბერი, როდესაც მაშინდელმა უკრაინის პრემიერმინისტრმა, აზაროვმა, დახმარებაზე ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილზე უარი თქვა იანუკოვიჩის დავალებით და შემდეგ უკვე ასოცირების შეთანხმებაზე. საქართველოში ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარყო ევროატლანტიკური კურსი. უმძიმესი, სახიფათო თამაში, რითაც აუცილებლად ისარგებლებს პუტინი და ზუსტად პუტინთან კეკლუცობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე", - ამბობს დეკანოიძე.
ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თავდაპირველად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რადგან ის არის სესხი და არა გრანტი, ხოლო ქვეყანას ამ დროისთვის სესხის აღების საჭიროება არ აქვს.
მოგვიანებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება.