უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენის შეხვედრა 1-ლი სექტემბრისთვის გადაიდო. იუწყება რადიო "ამერიკის ხმის" უკრაინული ბიურო თეთრ სახლზე დაყრდნობით.
ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო. თავდაპირველად იგი დაგეგმილი იყო 30 აგვისტოს, მაგრამ შემდეგ შეთანხმდა ახალი თარიღი - 31 აგვისტო.
"ამერიკის ხმის" ცნობით, 1-ელ სექტემბერს ზელენსკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა ჰქონდა განზრახული.
გამოცემა არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა ლიდერების შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადების მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან.
უკრაინული მედია, პრეზიდენტების შეხვედრის გადადებას, ვიზიტის ფორმატის გაფართოებით ხსნის. განახლებული ინფორმაციით, იგეგმება როგორც ბაიდენისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, ასევე დელეგაციების ფორმატში გაფართოებული შეხვედრაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს.