ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი", რომელიც ფაქტობრივად მთელ ავღანეთს განაგებს, ქვეყანაში, ისლამის მკაცრი ინტერპრეტაციების გათვალისწინებით, აკრძალვების დაწესებას აანონსებს.
ამერიკულ გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში, "თალიბანის" სპიკერი ზაბიულა მუჯაჰედი აცხადებს, რომ ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ქვეყნის მართვა-გამგეობას როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ სფეროებში, ისლამის კანონებზე დაყრდნობით აპირებს.
მუჯაჰედის განცხადებით, ავღანეთში მუსიკა აიკრძალება, თუმცა დასძენს, რომ ქალები შეძლებენ სახლიდან გასვლას, თანმხლები მამაკაცი ნათესავის გარეშე.
მისი თქმით, ქალებისთვის მამაკაცი ნათესავის თანხლება ეხება მათ, ვინც სამდღიან ან უფრო ხანგრძლივ მოგზაურობას გეგმავს.
"ისლამი კრძალავს მუსიკას. ვიმედოვნებთ, შევძლებთ ადამიანების დარწმუნებას, რომ მათ ეს არ გააკეთონ [არ უსმინონ მუსიკას] და არ მოგვიწევს ამის იძულება", - თქვა მუჯაჰედმა.
ზაბიულა მუჯაჰედის თქმით, "თალიბანი" ახლა ცდილობს ათწლეულების ომებით დანგრეული ქვეყანა ააშენოს".
"ჩვენ გვინდა ავაშენოთ მომავალი და დავივიწყოთ ის, რაც მოხდა წარულში", - დასძენს იგი.
1996-2001 წლებში, „თალიბანის“ რეჟიმის მმართველობისას, ავღანეთში აკრძალული იყო მუსიკის საჯაროდ მოსმენა და შესრულება.
ფოტო: NYT