ავღანეთში თალიბანის გამარჯვებამ და ქაბულის აეროპორტიდან ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ქაოტურმა ევაკუაციამ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
საფოლკის უნივერსიტეტისა და USA Today-ს მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბაიდენის მოწონების რეიტინგი, თალიბანის მიერ ავღანეთის ხელში ჩაგდების ფონზე, 41%-მდე დაეცა.
გამოკითხულ რესპოდენტთან ნახევარზე მეტმა, 55%-მა განაცხადა, რომ ისინი არ იწონებენ ბაიდენის პრეზიდენტის რანგში შესრულებულ სამუშაოს.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ბაიდენის მიერ გადადგმული ნაბიჯები უარყოფითად შეაფასა 62%-მა. გამოკითხულთა 26%-მა მოიწონა ამ კონტექსტში პრეზიდენტის ქმედებები, ხოლო 12%-მა თქვა, რომ პასუხის გაცემა არ შეუძლია.
კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 82%-მა განაცხადა, რომ ავღანეთის საკითხი მათთვის "ძალიან" ან "გარკვეულწილად" მნიშვნელოვანია.
გამოკითხულთა უმრავლესობამ, 60%-მა განაცხადა, რომ ავღანეთში ომის დაწყება არ ღირდა. 53%-მა მხარი დაუჭირა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, ხოლოდ 38% წინააღმდეგ წავიდა.
73%-ს ღრმად სწამს, რომ ავღანეთი კვლავ გახდება იმ ტერორისტების კერა, რომელთაც შეერთებულ შტატებზე თავდასხმა სურთ.
71% მიიჩნევს, რომ აშშ-მა არ უნდა აღიაროს თალიბანი ავღანეთის ლეგიტიმურ მმართველად.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მხარს უჭერს დემოკრატების 87%, მხოლოდ 32%-მა თქვა, რომ ის კარგად ასრულებს თავის სამუშაოს.
ბაიდენის რეიტინგი გასულ კვირას ჩატარებულ გამოკითხვებშიც ჩამოცდა 50%-ს, რაც პირველად მოხდა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ. ამ თვის დასაწყისში ბაიდენის რეიტინგი 55%-მდე იყო, 20-21 აგვისტოს ჩატარებულმა კვლევამ (გამოცემა The Hill და HarrisX) 6%-იანი კლება აჩვენა და რეიტინგმა 49% შეადგინა.