რუსეთი "ყირიმის პლატფორმაში" ცალკეული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
"როგორც ადრე ვაფრთხილებდით, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ცალკეული ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობა "ყირიმის პლატფორმაში" განვიხილოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ეს კი აუცილებლად მოახდენს სათანადო გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე“, - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ეს ინიციატივა [ყირიმის პლატფორმა] არის "წმინდა წყლის პოპულიზმი და რეალობისგან შორს მდგომი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დროებით ყოფნის თემის საინფორმაციო სივრცეში შენარჩუნებას".
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უნგრელ კოლეგა პიტერ სიარტოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ყირიმის პლატფორმას "რუსოფობიური ქმედება" უწოდა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა "ყირიმის პლატფორმა" არის "აბსოლუტურად ცარიელი პროპაგანდისტული წამოწყება, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს".
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს კიევში "ყირიმის პლატფორმის" სამიტი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.