ფოთში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინეს. ფოთში გამართულ ღონისძიებაზე გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.
გიგი უგულავა ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იქნება წარმოდგენილი.
გიგი უგულავამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ იყრის კენჭს ფოთში და თანაც „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ნომრით.
„დიახ, მეგობრებო, თქვენ არ ცდებით, მე ვხედავ აქაც და ბევრგან გაკვირვებულ თვალებს და ძალიან ბევრი მეკითხება ეს უკანასკნელი დღეებია, რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ 5 ნომერი?
მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ იქამდე მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ფოთის რჩეული.
შეიძლება, ბევრმა ადამიანმა თქვას, რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავი – კი, ბატონო, მაგრამ ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და ჩემთვის უდიდესი მართლაც პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, თბილისისთვის, მაგრამ მეორეა, როდესაც შენ, შენი მეგობრები და თითოეული თქვენგანი, ვინც დამიჭერთ მხარს, დაუჭერთ მხარს ბრძოლას უკეთესი ფოთისთვის, უკეთესი ქვეყნისთვის. გადავავლოთ თვალი, რა ხდება ჩვენს გარშემო. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ არ ხარჯავს ფულს. ფოთში ცენტრალური მთავრობა აკეთებს ფულს, მაგრამ უკან აბრუნებს კაპიკებს. აქაურები არავის არაფერს არ ამადლიან, არავის არაფერს არ უთვლიან, არავის სხვის ჯიბეში არ უყოფენ ხელს და არ უთვლიან, მაგრამ შეუძლებელია, უბრალოდ ჯანსაღ აზრთანაც არ არის ახლოს, როდესაც აქ უბრალოდ ამდენი ტრაილერი დადის, გადაზიდვა-გადმოზიდვაა; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ არის დიდი მოძრაობა; სადაც დიდი მოძრაობაა, იქ მეტი რესურსი არის საჭირო იმისათვის, რომ ქალაქმა კიდევ უფრო მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთელებისთვის და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.