ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა ჰონგ კონგში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებულ კარანტინს თავი აარიდა, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
როგორც იუწყებიან, ჰონგ კონგის ადმინისტრაციამ ნება დართო სახელგანთქმულ მსახიობს, არ გაევლო სავალდებულო თვითიზოლაცია, რომელიც ჰონგ კონგში გადასაღებ მოედანზე სამუშაოდ ჩამოვიდა.
გასულ კვირას, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსახიობი ჰონგ კონგში ჩასვლიდან ორ დღეში შენიშნეს ჯერ საყიდლებზე, შემდეგ კი გადასაღებ მოედანზე.
ჰონგ კონგის რეგულაციების თანახმად, საზღვარგარეთიდან ჩასულ მოქალაქეებს უწევთ 7-დან 21 დღემდე კარანტინის გავლა. ეს რეგულაცია ვაქცინირებულ პირებზეც ვრცელდება.
ფაქტმა სოციალურ ქსელებში ფართო უკმაყოფილება გამოიწვია. მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ მსახიობი სარგებლობს პრივილეგირებული პოზიციით და ავლენს უპატივცემულობას ჰონგ კონგის ხალხის მიმართ.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ დაწესებული რეგულაციების გამო თვეებია საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ, მაშინ როდესაც პრივილეგირებული მსახიობი თავს არიდებს საერთო წესებს.