ავღანეთში სიტუაციის კარდინალურ ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ სტრატეგიული კავშირები და თანამშრომლობა ორი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია "ავღანეთში ჩინეთისა და რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების დაცვა", რისთვისაც მეტად უნდა გააქტიურდეს ინფორმაციის დროული გაცვლა, რაც უზრუნვეყოფს ავღანეთში ჩინელი და რუსი პერსონალის, დაწესებულებებისა და საწარმოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
"ჩინეთმა და რუსეთმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ ავღანეთში ახალი მმართველობის ზომიერ და მდგრად რელიგიურ პოლიტიკას, იმუშაონ ყველა მხარესთან ღია და ინკლუზიური პოლიტიკური სტრუქტურის შესაქმნელად და განახორციელონ მშვიდობიანი და მეგობრული საგარეო პოლიტიკა", - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ვან ის თქმით, "ჩინეთი და რუსეთი მართლაც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორები არიან".
"ზოგიერთი დასავლური ძალა ცდილობს შეაფერხოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაგრამ ეს მიდგომა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებული იქნება. ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს მაღალი დონის ურთიერთობების გაძლიერება, გააღრმავოს პოლიტიკური ურთიერთნდობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება", - დასძენს მინისტრი.
ვან ი ასევე აღნიშნავს, რომ ავღანეთის ახალმა რეჟჟიმა მკაფიო ხაზი უნდა გაავლოს მასსა და საერთაშორისო ტერორიზმს შორის და იბრძოლოს ტერორისტული ძალების წინააღმდეგ.
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბული და შედეგად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა და თავისი ქმედება ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან არიდების სურვილით ახსნა.
არსებობს შეშფოთება, რომ ავღანეთიდან დასავლური ძალების გასვლის შემდეგ, რეგიონში და საკუთრივ ავღანეთში, რუსეთისა და ჩინეთის გავლენები გაიზრდება.