ავღანეთი არ უნდა გახდეს ტერორისტების თავშესაფარი, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც სატელვიზიო მიმართვა საზაფხულო რეზიდენციიდან გააკეთა.
მაკრონის განცხადებით, დღეს, ავღანეთის ირგვლივ არსებული ვითარება საერთაშორისო სტაბილურობისთვის გამოწვევაა.
"ეს არის საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის გამოწვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რომ ვითანამშრომლოთ ეფექტურად, რადგან ჩვენი ინტერესები საერთოა", - თქვა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ვალდებულია დაიცვას ისინი, ვინც საერთაშორისო მისიას წლების განმავლობაში ეხმარებოდა - "თარჯიმნები, მძღოლები, მზარეულები და მრავალი სხვა ადამიანი".
მაკრონმა თქვა, რომ ავღანეთის დესტაბილიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს მიგრანტთა ნაკადები ევროპაში.
"ჩვენ გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად შევქმნით ინიციატივას, რათა ძლიერი, კოორდინირებული და ერთიანი რეაგირება გვქონდეს, რაც გულისხმობს არარეგულარული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლას," - თქვა მან.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთში ბრძოლა იყო "სამართლიანი" და "საფრანგეთისთვის პატივია, რომ დავასრულეთ ეს ბრძოლა. ჩვენ იქ მხოლოდ ერთი მტერი გვყავდა - ტერორიზმი".