ჰაიტიში მძლავრი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 297 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სულ მცირე 5 700 ადამიანი.
კუნძულის დასავლეთით 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს, 14 აგვისტოს მოხდა. ძლიერი ბიძგების შედეგად დაინგრა და დაზიანდა ათეულობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ეკლესიები, სასტუმროები.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის არიელ ჰენრის განცხადებით, ქვეყანას უდიდესი ზარალი მიადგა და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 125 კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშც იგრძნობოდა, თუმცა სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.
მიწისძვრით დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს საძიებო ოპერაციები ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადასარჩენად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უსწრაფეს რეაგირებას მოახდებს ჰაიტის დასახმარებლად და USAID-ს დაავალა ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ საავადმყოფოები გადავსებულია მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებით.
შეგახსენებთ, 2010 წელს ჰაიტის დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელსაც 200 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა