ავღანეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალმა ბისმილა მუჰამედმა სოციალურ ქსელში მოკლე განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მაღალჩინოსნებმა დატოვეს ავღანეთი.
აშრაფ ღანიზე მკაფიო მინიშნებით, ბისმილა მუჰამედმა განაცხადა:
"მათ ხელები შეგვიკრეს ზურგს უკან და სამშობლო გაყიდეს, ამ დაწყევლილმა მდიდარმა კაცმა და მისმა ბანდამ", - დაწერა მუჰამედმა "ტვიტერში".
მანამდე, ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ მკაცრად გააკრიტიკა აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაქცევის გამო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აბდულა აბდულამ აშრაფ ღანი ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენია და განაცხადა, რომ მას "ღმერთი სამაგიეროს მიუზღავს".
"ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთ რთულ ვითარებაში დატოვა საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ღმერთი მას აუცილებლად მიუზღავს საკადრისს ამ ქმედების გამო, ავღანელი ხალხი კი განსჯის ამისთვის", - თქვა აბდულამ.
აშრაფ ღანი ავღანეთის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა. 2019 წელს მან არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა.