ქაბულში თალიბანის მებრძოლების შესვლის ფონზე, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი საგანგებო თათბირს მართავს შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელთ ზალმაი ხალილზადსა და ნატო-ს მაღალჩინოსნებთან.
მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვითარება ქაბულში ყოველწუთიერად იცვლება.
ცოტა ხნის წინ, ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის მებრძოლები ქაბულში შევიდნენ.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში განაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მებრძოლები ქალაქზე თავდასხმას არ გეგმავენ, რადგან მათი მიზანია ქაბულის უბრძოლველად აღება.
BBC-ის ცნობით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება გარდამავალ მთავრობაში". მისი თქმით, ქაბული თავდასხმის ქვეშ არ მოექცევა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press, ავღანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თალიბანის წარმომადგელები პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, რათა მოემზადონ ძალაუფლების "გადაცემისათვის".