ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი ჯალალაბადი ექსტრემისტულ დაჯგუფება „თალიბანს“ უბრძოლველად ჩაბარდა.
ჯალალაბადი არის ქვეყნის აღმოსავლეთის მთავარი სტრატეგიული დანიშნულების ცენტრი, რომელიც თალიბანს შესაძლებლობას აძლევს გააკონტროლოს ავღანეთის პაკისტანთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.
ადგილობრივი მოსახლეობა და ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ქალაქი ჩაბარდა თალიბანის მებრძოლებს.
ჯალალაბადის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-თან განაცხადა, რომ "დანებება სამოქალაქო პირების გადარჩენის ერთადერთი გზა იყო". მანვე დაადასტურა, რომ გუბერნატორი დანებდა.
"დილით გავიღვიძეთ თალიბანის თეთრი დროშებით სავსე ქალაქში. ისინი შემოვიდნენ ბრძოლის გარეშე", - განუცხადა AFP- ს ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ჯალალაბადის დაკარგვა ნიშნავს, რომ ქაბული ერთადერი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელსაც თალიბანი არ აკონტროლებს
ცოტა ხნით ადრე, "თალიბანის" მებრძოლებმა დაიპყრეს ავღანეთის სიდიდით მეორე, მესამე და მეოთხე ქალაქები - ყანდაარი, ჰერათი და მაზარ-ი-შარიფი.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის 34 პროვინციიდან 22 პროვინციას.